weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთავი 2-ზე სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს აპოლიტიკურად – აშშ-ის საელჩო

23:11 პარასკევი, 19 ივლისი 2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნების საქმეში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო.

გუშინვე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაინიშნა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]